ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა

შარლ მიშელის შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის კონკრეტული თარიღის დადგენაზე მზაობას გამოხატავს ჟოზეფ ბორელი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში აცხადებს, რომ ევროგაერთიანებამ ბიძგი უნდა მისცეს ათი ახალი წევრის მიღებას, თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებმა ყველა პირობა შეასრულონ. გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების შესრულების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს ოლივერ ვარჰეი. ევროკომისარი ხაზს უსვამს იმასაც, რომ თავის მხრივ წევრობის მსურველი ქვეყნებისთვის მიცემული დაპირება უნდა შეასრულოს ევროკავშირმაც. ვარჰეი აანონსებს, რომ ევროკომისია შესაბამის წინადადებებს და ზრდის გეგმას ოქტომბერში წარადგენს. სწორედ ოქტომბერია ის თვე, როდესაც ევროკომისიამ ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს, სადაც სხვა ქვეყნებთან ერთად, რეფორმების გზაზე საქართველოს პროგრესი იქნება შეფასებული.