ევროკავშირის გაფართოების გეგმა – შეფასებები თბილისში
გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გეგმა, შეფასებების თემაა თბილისში. „ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის გაუარესებისთვის“ პასუხისმგებლობას ოპოზიცია, „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და მიიჩნევს, რომ ურთიერთობების გადატვირთვისთვის ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო. მმართველი გუნდი კი – კვლავ ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ „ევრობიუროკრატებს არათანმიმდევრული პოლიტიკა“ აქვთ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი წინადადებას ამზადებს, რომლის მიხედვითაც, ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფი ოთხი ქვეყანა – მონტენეგრო, უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი – ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპობრივ გეგმას მიიღებს. ე.წ. საგზაო რუკები განსაზღვრავს, თუ რა რეფორმებს ელოდება ბრიუსელი, თითოეული კანდიდატი ქვეყნისგან. ასევე, დაადგენს სავარაუდო ვადებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებისთვის. საგზაო რუკები ამ ეტაპზე საქართველოს არ შეეხება, რადგან ქვეყნის განაცხადის განხილვა შეჩერებულია, როგორც ევროკავშირში განმარტავენ, „დემოკრატიულ და სასამართლო სტანდარტებთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო“. კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, თურქეთი და სერბეთი ასევე ის ქვეყნებია, რომელთაც საგზაო რუკები არ შეეხებათ.