ევროკავშირის გადაწყვეტილება

ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 13 მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებს. როგორც ევროკომისიის პრესსამსახური იუწყება, ეს თანხა 4800 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო და სარკინიგზო გზების, ასევე პორტების, აეროპორტების, ლოგისტიკური ცენტრებისა და საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობას ითვალისწინებს.

როგორც ბრიუსელში განაცხადეს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრ ქვეყნებში – საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ინფრასტრუქტურის განვითარება ამ ქვეყნების ეკონომიკურ აღმავლობასა და სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ ზოგიერთი პროექტის დასრულება 2020, ზოგის კი 2030 წლისთვის იგეგმება. პროექტს ევროკომისია და მსოფლიო ბანკი ერთად განახორციელებენ.