ევროკავშირის ელჩს საგარეო უწყებაში ელოდებიან

ევროკავშირის ელჩს საქართველოს საგარეო უწყებაში ელოდებიან. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ პაველ ჰერჩინსიკიმ საკუთარ განცხადებაზე განმარტებები უნდა გააკეთოს. უფრო კონკრეტულად – უნდა ახსნას, რას გულისხმობდა, როდესაც საქართველო ევროპული ოჯახის წევრობასა და ბნელ წარსულში დაბრუნებას შორის არჩევანის წინაშე დააყენა. თუ აქამდე დიპლომატს ვენის კონვენციის უხეშ დარღვევასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ, ამჯერად რეაქცია ბევრად მწვავეა. ბრიუსელიდან გაჟღერებული გზავნილი, ღია მუქარად ფასდება.