ევროკავშირის ელჩის  წერილი - პოლიტიკური შეფასებების თემა

ჰქონდა თუ არა ბრიუსელს ხუთი თვით ადრე გადაწყვეტილი ის, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა? საზოგადოებაში კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პაველ ჰერჩინსკის მიერ საგარეო უწყებისთვის გაგზავნილი წერილი გასაჯაროვდა.

მმართველი გუნდისთვის ეს წერილი ევროკავშირის ელჩის აღიარებითი პასუხია მთავარ კითხვაზე, ვინ იყო ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შეჩერების ინიციატორი, ბრიუსელი თუ საქართველო? 5 ნოემბრით დათარიღებულ წერილში ელჩი იუწყება, რომ საქართველოს რეგიონულ პროგრამებში დაფინანსებას უჩერებს, თუმცა, ამ წერილის შინაარსიდან არანაკლებ მნიშვნელოვანი ის გარემოებაა, სადაც ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე. როგორც წერილით დასრულდება, აღნიშნული წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას, რომელსაც მასშტაბური აქციები მოჰყვა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმ მიზეზით, რომ საქართველოსთან მიმართებით მოლაპარაკებების გახსნა არ ყოფილიყო შანტაჟისა და პოლიტიკური ზეწოლის იარაღი, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ამ საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებდა, თუმცა, გააგრძელებდა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მოემზადებოდა 2030 წელს ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებისთვის. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ბრიუსელის კრიტიკა და აქციები თბილისში. ჰერჩინსკის წერილის გასაჯაროების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ბრიუსელისგან განმარტებებს ითხოვს.