ევროკავშირის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში
რეაგირება ევროპელი დიპლომატის გზავნილზე, რომელიც არადიპლომატიურად და პირდაპირ მუქარად შეფასდა.
ბრიუსელში საქართველოს შესახებ ნათქვამი სიტყვების განმარტება დღეს ევროკავშირის ელჩს საგარეო საქმეთა მინისტრის წინაშე მოუხდა. საგარეო უწყების მიერ დაბარებული პაველ ჰერჩინსკი მაკა ბოჭორიშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიიღო. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დამაზიანებელი რიტორიკა უნდა შეიცვალოს – ეს გზავნილი გადასცა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და ვიცე-პრემიერმა ელჩს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოში არსებულ ვითარებას გზაგასაყარზე ყოფნა უწოდა ევროკავშირის ნათელ მომავალსა და ომსა და სიღარიბეში დაბრუნებას შორის. პოზიცია, რომ ევროკავშირის დღის წესრიგი საზოგადოების პოლარიზაციის გაღრმავებისკენაა მიმართული და თბილისი დიალოგის დასაწყებად ბრიუსელისგან ჯერ დამოკიდებულების შეცვლას ითხოვს, ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან ამჯერად პირადად მოისმინა. ელჩი დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. განცხადებაში, რომელიც მოგვიანებით ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა, რიტორიკა შედარებით შერბილებულია, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განწყობები მაინც იკითხება.