ევროკავშირის დამკვირვებლების დაკავება

უპრეცედენტო შემთხვევა ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან.

მოქალაქეთა გახშირებული გატაცებების შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეები საერთაშორისო დამკვირვებლები გახდნენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამ წუთებშიც სწავლობს ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანას და მოსაზღვრე წნელისს შორის ტერიტორიაზე გუშინ მომხდარ რეზონანსულ ფაქტს. საოკუპაციო ძალებმა ევროკავშირის მისიის სამი მონიტორი მაშინ დააკავეს, როდესაც მისიის წევრები ჩორჩანასთან პატრულირებდნენ. საერთაშორისო დამკვირვებლებს ჩამოართვეს დოკუმენტაცია, ასევე სამუშაო ინვენტარი და მხოლოდ ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ გაათავისუფლეს. ოფიციალურმა თბილისმა ინციდენტზე განმარტებები ერგნეთში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე მოითხოვა, თუმცა დღევანდელი რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

ევროკავშირის მისიის წინაშე გუშინდელ ფაქტზე განმარტებების გაკეთება დიდი ალბათობით მოსკოვსაც მოუწევს.