ევროკავშირი დონბასში პრორუსი სეპარატისტების მიერ ჩატარებული ე.წ არჩევნების გამო სანქციების დაწესებას გეგმავს
  • ევროკავშირი დონბასში პრორუსი სეპარატისტების მიერ ჩატარებული ე.წ. არჩევნების გამო სანქციების დაწესებას გეგმავს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მოგერინის თქმით, ევროკავშირის პოზიცია ერთიანია, ის 11 ნოემბერს ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. ევროკომისრის განცხადებით, დონბასში სეპარატისტების მიერ „არჩევნების“ ჩატარებისთვის სანქციებს ევროკავშირი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მიიღებს.
  • საფრანგეთში საწვავის ფასის ზრდის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების დროს 530-მდე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა. უწყების მონაცემებით, სულ დაშავებულია 528 ადამიანი, მათგან 17-ის მდგომარეობა მძიმეა. კასტანერის თქმით, დაშავებულია 92 პოლიციელი. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მანიფესტაციების თავისუფლება საავტომობილო მოძრაობის ბლოკირების, ასევე კომერციული და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის უფლებას არ იძლევა.
დატოვე კომენტარი