ევროკავშირი ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია

ევროკავშირი ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია, – განცხადებას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის ოფისი ავრცელებს.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, კონკრეტულად კი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება, ასევე კიდევ ორი პირის დაკავება ღრმა შეშფოთების საგანია.

ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. ევროკავშირი მზად არის მისი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მხარი დაუჭიროს მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს და ხელი შეუწყოს დისკუსიებს პრევენციის, მხარდამჭერი მექანიზმისა და მისიის ცხელი ხაზის შესახებ.

საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლების შემდეგ ველით, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება დაუყოვნებლივ მისცემს მათ საშუალებას გაემგზავრონ ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ბოლო მოვლენებმა მკაფიოდ დაგვანახა დამატებითი ზომების საჭიროება გამჭვირვალეობისა და ნდობის უზრუნველყოფის მიმართულებით. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოში მშვიდობისა და კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით მხარდაჭერას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, – ნათქვამია განცხადებაში.