ევრო-2022 ფუტსალში

ხვალინდელი დღე, 22 იანვარი საქართველოს ფუტსალისთვის ისტორიულია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაფუძნებული ქვეყნის ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს. ავთანდილ ასათიანის ხელმძღვანელობით, გუნდმა მიზანს მეორე ცდაზე მიაღწია და კონტინენტის იმ 16 საუკეთესოს შორის მოხვდა, რომლებიც ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ევრო 2022-ის „დე“ ჯგუფში პირველ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ, აზერბაიჯანთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს, ისევე როგორც ევრო 2022-ის გადამწყვეტი ეტაპის მატჩებს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.