ევაკუაცია უკრაინის ქალაქ ირპენიდან

რუსმა სამხედროებმა მოსახლეობის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს უკრაინის ქალაქ ირპენში. გავრცელებული ინფორმაციით, ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. დაჭრილია ერთი პირი, რომლის მდგომარეობა მძიმეა. ირპენი კიევის შემოგარენში მდებარე დასახლებაა, რომელიც გასული დღეების განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა. ირპენთან ერთად, დღეს მოსახლეობის ევაკუაცია სხვა ქალაქებიდანაც იგეგმება, თუმცა, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო, ევაკუაცია შეფერხებით მიმდინარეობს.