ევაკუაცია საცხოვრებელი კორპუსიდან

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მემედ აბაშიძის #56-ში მდებარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. სახლის მცხოვრებლები ღამით სასტუმროებში გადაიყვანეს, რადგან ექსპერტების დასკვნით, სახლი საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის.

პირველად დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ კორპუსის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს დაირღვა შეთანხმებული პროექტი და მოხდა საყრდენი კედლის ნაწილობრივ დაზიანება, რის გამოც იქ ცხოვრება უსაფრთხო არ არის.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლელა სურმანიძის განცხადებით, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის შემდეგ მოხდება შენობის გამაგრება. იმ ბინის მესაკუთრე კი, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ამბობს, რომ საყრდენი კედელი ბინის შესყიდვამდე იყო დაზიანებული, ასევე დაზიანებული აღმოჩნდა სვეტები, რასაც ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, თავად გაამაგრებენ. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ორშაბათს დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.