ევაკუაცია აბაშაში - როდის შეძლებს მოსახლეობა საკუთარ სახლებს დაუბრუნდეს

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ამ დრომდე სტიქიისაგან მიყენებულ პრობლემებს ებრძვიან. რთული ვითარებაა აჭარაში, ზღვისპირა ქალაქებში ზარალის ოდენობას ითვლიან. აჭარაში საშტორმო მდგომარეობა ნარჩუნდება.

უხვი ნალექის გამო, მძიმეა მდგომარეობა სამეგრელოშიც. ადიდებულმა მდინარე აბაშამ ჯებირები გაარღვია და მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.

დავიწყოთ სწორედ აბაშის რაიონით, სადაც წუხელ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ირმა ჭოლაძე მუშაობს სტიქიის ზონაში და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის – რა მდგომარეობაა ამ წუთისთვის, როდის შეძლებს მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდეს?

აბაშის მუნიციპალიტეტში სიტუაცია გუშინ, გვიან ღამით გართულდა. სოფელ წყემიდან რამდენიმე ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. წყემში იმყოფებოდნენ რეგიონული ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მანამდე მდინარე აბაშის ადიდების გამო, საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწია სოფელ ზანათში მცხოვრებ 25 ოჯახსაც.

აბაშის რაიონში სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყო, პარალელურად,  მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისიაც. სტიქიის ზონაში მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც. ძლიერმა წვიმამ პრობლემები აბაშასთან ერთად, მარტვილის, სენაკის, ხობის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს შეუქმნა.