ევა შაშიაშვილს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. ევა შაშიაშვილს სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. როგორც ცნობილია, სახელმწიფო ბრალდებას, ევა შაშიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დაცვის მხარემ მიაწოდა, რის შემდეგაც, პროკურატურამ პატიმრობის მოთხოვნა გირაოს მოთხოვნით შეცვალა. დღევანდელ პროცესზე ევა შაშიაშვილი დისტანციურად ჩაერთო. ის რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დატოვებს. ევა შაშიაშვილს ბრალად ედება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. ევა შაშიაშვილი ბრალს აღიარებს.