ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადება

ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმაც გაავრცელა განცხადება. „საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს და თხოვნით მიმართავს ეუთო-ს და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ მთავრობის ვრცელ პასუხში გაჟღერებული სამართლებრივი არგუმენტები, მიღწევები და დეტალური განმარტებები“. წერს ალექსანდრე მაისურაძე. დიპლომატის თქმით, საქართველოს მიერ წარდგენილი პასუხი აერთიანებს ოფიციალურ პოზიციებსა და ადასტურებს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ეუთო-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

„პასუხი განმარტავს ფაქტობრივ უზუსტობებს, ხაზს უსვამს უგულვებელყოფილ კონტექსტს. ამ მასალების წარდგენით ქართული მხარის მიზანი იყო, ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებსა და დაინტერესებულ საერთაშორისო აქტორებს ჰქონოდათ წვდომა ყოვლისმომცველ ფაქტობრივ მასალაზე, რაც შესაძლებელს გახდიდა ქვეყნის მიერ ადამიანური განზომილების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ობიექტურ, დაბალანსებულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შეფასებას.“ ელჩი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიერ წარდგენილი მასალების გასაანალიზებლად დროის სიმცირეზე და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მავნე მიზნებისთვის გამოყენების მცდელობებზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებმა არ უნდა დაუშვან ორგანიზაციის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება.