ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომა გრძელდება. ვენაში მიმდინარე შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა. მისი თქმით, შემაშფოთებელია ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები, რომელიც გაყალბდა. მან მოუწოდა კოლეგებს, რომ მოითხოვონ ახალი არჩევნები და უარი თქვან „ქართული ოცნებასთან“ რეგულარულ ურთიერთობაზე, სანამ ისინი არ შეასრულებენ მოთხოვნებს. უილსონის საპასუხოდ კი, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ კონგრესმენის მიმართვა რომ გულწრფელი ყოფილიყო, მას უნდა დაეგმო აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. ყალბი არჩევნებიც. რაც შეეხება ოქტომბრის არჩევნებს, სამხარაძის თქმით, უცხოელ პოლიტიკოსთა გარკვეულმა ჯგუფმა, მათ შორის უილსონმა, არ ცნო შედეგები და განაგრძობს სრულიად გადაუმოწმებელი ბრალდებებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას.