არაერთი მიმართვისა და წერილის შემდეგ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში აღარ ჩამოვა – პია კაუმას ვიზიტი გადადებულია. განმარტებით განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ორგანიზაცია ეუთო-ოდირის რეკომენდაციების შესრულებაში დასახმარებლად მზად არის.
6-8 იანვარს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებას მმართველი გუნდი ასამბლეის პრეზიდენტზე ქართული ოპოზიციის თავდასხმის შედეგად აცხადებს. ვიზიტის გადადებამდე მაღალი რანგის სტუმრის ჩამოსვლის დაანონსებას ქართულ პოლიტიკურ წრეებში საკმაოდ დიდი რეზონანსი და მძიმე რეაქციები მოჰყვა. თბილისიდან პია კაუმას სახელზე ორი წერილი გაიგზავნა – ოპოზიციურმა პარტიებმა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებისა და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების გათვალისწინებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის ჩამოსვლა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. ოპოზიციის საერთო პოზიციაა, რომ ავტორიტეტული ორგანიზაციის მაღალჩინოსნის ვიზიტს „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული მიზნებისთვის და ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხაზგასასმელად გამოიყენებს. ამ პოზიციას იზიარებს სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც პია კაუმას თავადაც მიმართა.
რა მიზნით ჩამოდიოდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში და როდისთვის გადაიდო ვიზიტი – სალომე ქოქიაშვილი მუშაობდა თემაზე.