ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება
სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული. ვკითხულობთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელ განცხადებაში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკასა და საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია ხელს უშლის ქვეყანას თავისი პოტენციალის გამოვლენაში და საჭიროა მხარეებს შორის დიალოგის დაწყება. დელეგაციის წევრებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება საერთაშორისო ორგანოების საქმე არ არის.
განცხადებაში საუბარია მომავალ არჩევნებზეც, რომელიც ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს უნდა შეესაბამებოდეს, თუმცა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ მიზნების მისაღწევად „პოლიტიკურ სცენაზე არსებული მწვავე პოლარიზაცია“ კვლავაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება. დელეგაციამ სინანული გამოთქვა მმართველი პარტიის წევრების მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ მიმართულ მცდელობებზე. მათი თქმით, ეს განხეთქილებას კიდევ უფრო გაამწვავებს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა ხელისუფლებას სთხოვეს შეხვედრა იმ პირებთან, რომლებსაც ოპოზიციური ძალები პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენიებენ და სინანული გამოთქვა, რომ ამ შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდა.
შემაჯამებელ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის მიზანი მხარეებს შორის დიალოგის წახალისება იყო. ისინი მიესალმებიან ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებებთან დაკავშირებით. დოკუმენტის მიხედვით, რამდენიმედღიანი ვიზიტის შედეგები შესაძლოა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომასა და ჰააგაში ყოველწლიურ სესიაზე განიხილონ.