ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეცნობა.
თბილისში ასამბლეის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მდივანი რამდენიმე კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სტუმრებმა ინფორმაცია ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან მიიღეს. ორდღიანი ვიზიტი ხვალ შეჯამდება, თუმცა წინასწარ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში პოლარიზაციის მაღალი დონეა ხაზგასმული. ხალხისთვის შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მოსაძებნად ყველა პოლიტიკური სპექტრის ჩართვაა საჭირო – ასეთია მისიის გზავნილი. რა იგულისხმება ამ მოწოდებაში, მეტი დეტალი ხვალ გახდება ცნობილი, მანამდე კი შეხვედრების გარშემო არაერთგვაროვანი განცხადებები ისმის. ოპოზიციის ნაწილი კონკრეტული პირობების დაკმაყოფილებას ითხოვს და ხელისუფლებასთან, რომლის ლეგიტიმაციას არ აღიარებს, დიალოგის ნებისმიერ ფორმატს გამორიცხავს. თავის მხრივ კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნას ადასტურებს მმართველი გუნდი, რომელიც ამტკიცებს, რომ საპარლამენტო ასამბლეას ხელისუფლების ლეგიტიმიზაციასთან დაკავშირებით კითხვები არ გააჩნია.