მოწოდება დიალოგის დაწყებისკენ და პოლარიზაციის მაღალი დონის შემცირებისკენ – ამ გზავნილებით დასრულდა საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი.
ასამბლეის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და კომიტეტების წარმომადგენლები ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან შეხვედრების შემდეგ მხარეებს პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენას ურჩევენ. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი მთავრობის პასუხისმგებლობაზე კეთდება. ერთობლივ განცხადებაში საუბარია 2024 წლის შემდეგ დაკავებულ პირებზე, ნეგატიურადაა შეფასებული პარტიების აკრძალვის გეგმა, ასევე ბოიკოტის გზა და დაგმობილია სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობისა და მათი დამხობისკენ მოწოდებები. სანამ დელეგაცია საქართველოში მიღებულ ინფორმაციას კონკრეტულ ანგარიშში ასახავს, მანამდე არაერთგვაროვნად იკითხება ორდღიანი შეხვედრების შემდეგ გაჟღერებული გზავნილები და წერილობითი განცხადება. ახლა მთავარი კითხვაა, გააქტიურდება თუ არა პოლიტიკურ დღის წესრიგში დიალოგის თემა და არიან თუ არა პოლიტიკური აქტორები მზად ასამბლეის მოწოდების გასათვალისწინებლად.