ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის მიერ 2008 წლიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო, ამასთან, მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ვანკუვერში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ეუთო გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშნების წაშლას და შეცვლას, როგორც რუსეთის მუდმივი ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირ შედეგს.

დეკლარაცია ხაზს უსვამს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელების აუცილებლობას, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ღირსეულ დაბრუნებას საკუთარ სახლებში. ასევე კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 30-ე ყოველწლიური სესია ვანკუვერში 30 ივნისიდან 4 ივლისამდე მიმდინარეობდა. წლიური სესიის თემა იყო „რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობის გზით“.