ეუთო-ს რეზოლუცია

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე პორტოს დეკლარაცია მიიღო.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი მოიცავს საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც, სადაც ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიამ, საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა, რაც დოკუმენტის მიხედვით, ძირს უთხრის საქართველოში არჩევნების პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს და თავად არჩევნების შედეგებს. რეზოლუცია გმობს ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ დგანან საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს სიტუაციის დეესკალაციისკენ  და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ეროვნული დიალოგის დაწყებისკენ არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად და ქართული დემოკრატიის მიმართ საზოგადოების ნდობის აღსადგენად; პატივი სცენ შეკრების თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან; დაუბრუნდნენ ევროკავშირის ინტეგრაციის გზას. ასევე ასამბლეა მიესალმება ეუთოს ვენის მექანიზმის ამოქმედებას საქართველოში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ. ასამბლეა მოუწოდებს დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებისკენ ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ძირითადად ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით, რომლებიც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ინიციატივით, ყოველწლიურ ანგარიშში დაემატა ჩანაწერი, რომელიც სირიას მოუწოდებს, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება.