ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სპეციალური სხდომა

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს, ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სპეციალურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ალექსანდრე მაისურაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. მან მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარების შესახებ, ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის თაობაზე, ასევე, ეუთო-ს როლზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების პროცესში. მაისურაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს შესაბამისი ინსტიტუტების ჩართულობაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პროცესში. აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მოწვევით, არჩევნების პროცესს ეუთო/ოდირის, ასევე, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. მისივე თქმით, დამკვირვებლების ანგარიშმა გააქარწყლა უსაფუძვლო ბრალდებები არჩევნების შედეგებისა და საერთო ობიექტურობის შესახებ. მან ასევე დაადასტურა საქართველოს მზაობა, შეასრულოს ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები, ეუთო-ს ინსტიტუტებთან და მონაწილე სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობით. მაისურაძემ ასევე მუდმივი საბჭოს მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ამომწურავი პასუხი გასცა 2024 წლის 20 დეკემბერს, 38 მონაწილე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ კითხვებს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და დემონსტრაციებთან დაკავშირებით. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ გაზიარებული ინფორმაცია დაეხმარება ეუთო-ს ინსტიტუტებსა და მონაწილე სახელმწიფოებს სიტუაციის საფუძვლიან და ობიექტურ შეფასებაში. საქმეთა დროებითი რწმუნებულის თქმით, საქართველო მტკიცედ რჩება თავისი ვალდებულებების ერთგული, შეიტანოს კონსტრუქციული წვლილი ეუთო-ს მუშაობაში საერთაშორისო სამართლის დაცვისა და მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობაში.