ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ განცხადება გააკეთა „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციასთან“ დაკავშირებით, რომელიც 5-15 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობას, რომელიც ეუთო-ს ფარგლებში ერთ-ერთ წამყვან პლატფორმას წარმოადგენს მონაწილე სახელმწიფოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგისთვის. ამასთან, ყურადღება გაამახვილა კონფერენციის მსვლელობისას ხელის შემშლელ ქმედებებზე. „სამწუხაროდ, კონფერენციის მსვლელობისას, განცხადებების დროს არაერთგზის განხორციელებულმა ხელისშემშლელმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას და შეზღუდა მონაწილეთა შესაძლებლობა, თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები. მსგავსი ქცევა ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემასა და დადგენილი პროცედურების დაცვას, რაც არსებითია მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვისთვის“, „გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია და იგი თანაბრად უნდა იყოს დაცული ყველასთვის, მათ შორის არჩეული წარმომადგენლებისა და ოფიციალური პირებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ერთგულება ეუთო-ს ფარგლებში კონსტრუქციული თანამშრომლობისა და მიუკერძოებლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მიმართ.