ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ მოთხოვნები – მთავრობის პასუხი
მოჰყვება თუ არა გაგრძელება ეუთო-ს ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ მძიმე შინაარსის დასკვნას.
საქართველოში არსებული ვითარების ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობა, გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენლისთვის მიმართვა და ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე გამოძიების ჩატარება – ცოტა ხნის წინ შექმნილი ოპოზიციური ალიანსი ანგარიშში გაწერილი რეკომენდაციების შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აანონსებს. იგულისხმება „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი მისიის ის მოწოდებები, რომელთა ადრესატები საერთაშორისო ორგანიზაციები არიან. ორ კვირაში მომზადებულ მოცულობით დოკუმენტს სიცრუეზე აგებულ პოლიტიკურ დასკვნად აცხადებს ხელისუფლება. მმართველი გუნდი ანგარიშში რეპრესიებად შეფასებული კანონების გადახედვასაც არ აპირებს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ დასკვნა წინასწარ დაიწერა. ეუთო-ს 24 ქვეყნის მოთხოვნით და ოთხი ქართული ოპოზიციური პარტიის რეკომენდაციით მოსკოვის მექანიზმი ორგანიზაციამ საქართველოს მიმართ პირველად აამოქმედა. დასკვნა, რომელიც ფაქტების დამდგენმა მისიამ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის და ქვეყნის მიერ ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებელების შესაფასებლად მოამზადა, საკმაოდ კრიტიკულ შეფასებებს მოიცავს.