მეორე დღეა, პოლიტიკური ვნებათაღელვა არ ცხრება ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის გარშემო.
მაღალი რანგის სტუმარი დღეს ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდა. მთავარი განსახილველი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და კონფლიქტების მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლი იყო. დიდი ალბათობით, საუბარი შეეხო ქვეყანაში არჩევნების შემდეგ შექმნილ ვითარებასაც. გენერალური მდივნის პოზიციაზე არჩევიდან ოთხ თვეში საქართველოში ჩამოსვლის გამო ოპოზიციის ნაწილი ფერიდუნ სინირლიოღლუს კრიტიკას არ ერიდება და მას 28 ნოემბრის განცხადებასთან ერთად საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-ოდირის მიერ მომზადებულ იმ დასკვნას ახსენებს, რომელსაც ხელისუფლება და ოპოზიციური სპექტრი ამ დრომდე სხვადასხვანაირად კითხულობს. ცალკეული ოპოზიონერი პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა მმართველ გუნდს მძიმე პოლიტიკური გზავნილები გადასცა. იმ ფონზე, როცა ოპოზიცია მუდმივად ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარებაზე და საერთაშორისო იზოლაციაზე საუბრობს, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის სტუმრობას საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ სამი თვის წინ სწორედ ოპოზიციის მხრიდან გაგზავნილი წერილების შემდეგ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.