ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ამ წუთებში ის პრემიერ-მინისტრს ხვდება. დღესვე დისკუსია გაიმართება პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. გუშინ კი აუდიენცია შედგა საგარეო საქმეთა მინისტრთან. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პირისპირ შეხვედრაზე, რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. მისივე თქმით, საქართველო მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობაში.
როგორც ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც ხალხისთვის, ისე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის. მან ხაზი გაუსვა ეუთო-ს მტკიცე ერთგულებას და განაცხადა, რომ აფასებს ხანგრძლივ პარტნიორობას საქართველოსთან.
ეუთო-ს გენმდივანი გუშინ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისშიც იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. დღეს დილიდან კი ის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით. თეა ახვლედიანმა გენერალურ მდივანს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.