რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებს ეუთო-ს გენერალური მდივანი პირადად ეცნობა.
მაღალი რანგის სტუმარი საქართველოშია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ფერიდუნ სინირლიოღლუ სოფელ ოძისში ჩავიდა. შიდა და გარე გამოწვევების დაძლევაში დახმარების პირობა და ეუთო-ს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოწოდება – ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მთავარი გზავნილები. პრესკონფერენციის დროს სინირლიოღლუს არაფერი უთქვამს საპარლამენტო არჩევნებზე, რომელზეც ეუთო-ოდირის მიერ მომზადებული დასკვნა ამ დრომდე არაერთგვაროვანი შეფასებების თემაა. იმ ფონზე, რომ არჩევნების შემდეგ განვითარებული პროცესების და ოპოზიცური პარტიებისგან მიღებული წერილების გათვალისწინებით სამი თვის წინ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი ბოლო მომენტში გაურკვეველი ვადით გადადო, ეუთო-ს გენერალური მდივნის ჩამოსვლას საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. არჩევნების შედეგების არაღიარების და ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის ფონზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვიზიტის გამო უკმაყოფილებას არ მალავს ოპოზიცია, რომელიც ოქტომბრის შემდეგ ყველა განცხადებაში ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაზე მიუთითებს.