საქართველოში ვიზიტით ეუთო-ს გენერალური მდივანი იმყოფება. ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. პირველი შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მიმოიხილეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მისივე თქმით, საქართველო მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებასა და თანამშრომლობაში. როგორც ეუთო-ს გენმდივანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც ხალხისთვის, ისე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და რეგიონის მიმართ ეუთო-ს მტკიცე ერთგულებას და განაცხადა, რომ აფასებს ხანგრძლივ პარტნიორობას საქართველოსთან. ფერიდუნ სინირლიოღლუს განცხადებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია დიალოგს შედეგების მოტანა კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობისთვის.