საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო განხილვის თემა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, სადაც ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები ამომრჩევლის ნებას ასახავდა. „პარლამენტში გქონდეს 40-პროცენტიანი წარმომადგენლობა და ამას არ იყენებდე, ნიშნავს, უსამართლოდ ეპყრობი ხალხს, ვინც აგირჩია, ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოზე საუბრისას უნდა შევისწავლოთ“, – განაცხადა ფერიდუნ სინირლიოღლუმ. მისივე თქმით, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის ანგარიშში ცალსახად წერია, რომ არჩევნების შედეგები გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, ამომრჩეველთა ნებას ასახავდა.
„არჩევნებზე, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს, ოდირის ანგარიშში ცალსახად წერია, რომ მისი შედეგები გარკვეული ხარვეზების მიუხედავად ამომრჩეველთა ნებას ასახავდა. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას 150 მანდატიდან 61 აქვს, ანუ პარლამენტის 40 პროცენტზე მეტი ოპოზიციით არის წარმოდგენილი, თუმცა ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ცხადია, დემოკრატიაში უნდა გქონდეს სამოქალაქო სივრცე შენი მოსაზრების გამოსახატად, თუმცა ასევე ეფექტიანად უნდა გამოიყენო ხალხის მიერ არჩეული ორგანო, პარლამენტი “ – განაცხადა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა.
საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს გენ მდივნის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.