ეუთო-ს 24 წევრი ქვეყნის განცხადება – შეფასებები
„მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ეუთო-ს წევრი 24 ქვეყნის ერთობლივი განცხადება, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ანგარიშში სერიოზული ფაქტობრივი უზუსტობები, შერჩევითი ინტერპრეტაციები და პოლიტიკურად მიკერძოებული დასკვნებია. ხელისუფლების წევრები ამბობენ იმასაც, რომ აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებენ, რადგან ის ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობას ნიშნავს.
შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს წევრმა 24-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მოუწოდეს საქართველოს ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციების შესრულებისკენ. ანგარიშის მიხედვით, „მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში, საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა მოხდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ჩაატარონ სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდების შესახებ, დამნაშავეები კი – პასუხისგებაში მიეცნენ. ასევე, საქართველომ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები. ანგარიში ასევე ხაზს უსვამს სასამართლო სისტემისადმი ნდობის აღდგენის აუცილებლობას. ერთობლივი განცხადების ხელმომწერები, კონტინენტური ევროპის ქვეყნების უმეტესობაა. დოკუმენტის ინიციატორთა და ხელმომწერთა შორის არ არიან მეზობელი ქვეყნები – სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ასევე საფრანგეთი და აშშ.