ეუთო-ს 24 წევრი ქვეყნის განცხადება – პრემიერის კომენტარი
„მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ეუთო-ს წევრი 24 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული დასკვნა და პროცესები არის პოლიტიკურად მოტივირებული. ის საუბრობს ინტერესთა კონფლიქტზეც. მთავრობის მეთაურის განცხადებით, დასკვნაში არის საკითხები, რომლებიც მთავრობის მხრიდან ყურადღებას მართლაც საჭიროებს, თუმცა, კობახიძის აზრით, ჯამში აღნიშნული დოკუმენტი სიცრუით არის გაჯერებული. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ თემაზე სპეციალური ბრიფინგიც დააანონსა, სადაც მმართველი გუნდი საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
ანგარიშის მიხედვით, „მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში, საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა მოხდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ჩაატარონ სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდების შესახებ, დამნაშავეები კი – პასუხისგებაში მიეცნენ. ასევე, საქართველომ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები. ანგარიში ასევე ხაზს უსვამს სასამართლო სისტემისადმი ნდობის აღდგენის აუცილებლობას. ერთობლივი განცხადების ხელმომწერები, კონტინენტური ევროპის ქვეყნების უმეტესობაა. დოკუმენტის ინიციატორთა და ხელმომწერთა შორის არ არიან მეზობელი ქვეყნები – სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ასევე საფრანგეთი და აშშ.