ეუთო/ოდირის უარი - ტექნიკური თუ  პოლიტიკური გადაწყვეტილება  

პოლიტიკური ინტერპრეტაციების თემად იქცა ეუთო-ოდირიდან მიღებული უარი.

არასაკმარისი დრო მოსამზადებლად თუ ზეწოლა – რის გამო თქვა უარი მოწვევაზე 35-წლიანი ისტორიის მქონე ორგანიზაციამ, რომლის მთავარი ფუნქცია ეუთოს წევრ ქვეყნებში არჩევნებზე და საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებაა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებაში მოყვანილ მიზეზს არადამაჯერებლად მიიჩნევს მმართველი გუნდი, რომელმაც სადამკვირვებლო მისიას მოსაწვევი 6 სექტემბერს გაუგზავნა. ჩეხეთის მაგალითმა ხელისუფლებას საკუთარი პოზიცია კიდევ უფრო გაუმყარა. საქართველოსგან განსხვავებით, ეუთო-ოდირი მისიას გზავნის 3 ოქტომბრისთვის დაგეგმილ არჩევნებზე მონიტორინგისთვის ჩეხეთში, რომელმაც ორგანიზაცია თითქმის იმავე დროს დაპატიჟა. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ უარის მიზეზი არა დროის სიმცირე, არამედ ერთი წლის წინ განვითარებული მოვლენები და საპარლამენტო არჩევნების შესახებ მომზადებულ დასკვნაზე შეფასებებია. არგუმენტად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გაუქმებული ვიზიტიც სახელდება.