ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევა
პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია მმართველი გუნდის კიდევ ერთმა გადაწყვეტილებამ. მუნიციპალური არჩევნებისთვის ხელისუფლებამ ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისია მოიწვია და ეს მაშინ, როცა სამი თვის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის მოწვევა არ იგეგმებოდა. მაშინ არგუმენტად თვითმმართველობის არჩევნების სტანდარტული პრაქტიკა დასახელდა. ჯერ უცნობია, ჩამოვა თუ არა ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფი.
ხელისუფლება ამბობს, რომ ეუთო-ოდირზე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაა მოსალოდნელი. არჩევნებამდე დარჩენილი დროის გათვალისწინებით, მმართველი პარტიის ნაბიჯს დაგვიანებულად და არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მისანიჭებლად გამოყენებულ პროპაგანდისტულ მეთოდად განიხილავს ოპოზიცია. რეაქციები მწვავეა იმ პარტიებისგანაც, რომლებიც 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადებიან. პასუხად მმართველი გუნდი ოპონენტებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-ოდირის მიერ მომზადებულ დასკვნას და ოპოზიციონერი აქტორების განცხადებებს ახსენებს.