ეუთო/ოდირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ განხორციელებას და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაში დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. „საქართველოს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, აძლიერებს შეშფოთებას ბოლო დროს მიღებული სხვა კანონების და სამოქალაქო საზოგადოებაზე კანონის ნეგატიური ზემოქმედების გამო“, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის განცხადებაში. „ეს კანონი ღრმად აისახება სამოქალაქო საზოგადოების მუშაობაზე და ყველაზე, ვინც მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვაზე. სამოქალაქო საზოგადოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის და ნებისმიერმა ახალმა მოთხოვნამ უნდა გააძლიეროს მათი მნიშვნელოვანი მუშაობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეზღუდვების დაწესების ნაცვლად“, – აცხადებს ODIHR-ის დირექტორი, მარია თელალიანი. საერთაშორისო ორგანიზაცია ასევე მიიჩნევს, რომ ერთი ქვეყნიდან მეორეში კანონმდებლობის იმპორტს ყოველთვის სიფრთხილით მიდგომა სჭირდება. განცხადების თანახმად, ახალმიღებულმა კანონი შეაფერხებს გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ „ლობისტური საქმიანობის რეგულირება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად და კორუფციის თავიდან ასაცილებლად,” თუმცა ამავდროულად „მან პატივი უნდა სცეს და არ ხელყოს პოლიტიკური და საზოგადოების მონაწილეობა“.