ეუთო/ოდირი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შემზღუდავ კანონმდებლობასა და მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებებთან დაკავშირებით.
„ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელ დაკავებებსა და გასამათლებებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ მუშაობას. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საფუძველია“, – აღნიშნულია ეუთო/ოდირის დირექტორის განცხადებაში. ის ასევე აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირ-მა გასულ წელს იურიდიული შეფასების ჩარჩოებში საქართველოს ურჩია გაეუქმებინა ე.წ. უცხოური აგენტების კანონი და გააფრთხილა, რომ ახალი კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას შეზღუდავდა. ამასთან, ეუთო/ოდირ-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას მომავალი ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად, რაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იქნება. მიუხედავად ამისა, ეუთო/ოდირში აცხადებენ, რომ მზად არიან სადამკვირვებლო მისიის საქართველოში გამოსაგზავნად, თუ ხელისუფლება მოწვევას დროულად გაგზავნის.