ეუთო/ოდირის გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები

პოლიტიკური ვნებათაღელვა მოჰყვა მმართველი გუნდის მოწვევაზე მიღებულ პასუხს. ეუთო/ოდირი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება. ავტორიტეტულმა სადამკვირვებლო მისიამ მოწვევაზე უარი თქვა. მიზეზად მუნიციპალურ არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო სახელდება, რაც ოპოზიციას არ გაჰკვირვებია. წერილის შინაარსმა ხელისუფლების ოპონენტებს კიდევ უფრო გაუმყარა პოზიცია იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მისანიჭებლად პროპაგანდისტულ მეთოდს მიმართა, გავლენიანი ორგანიზაციის მისიის მოწვევა კი ხელოვნურად დააგვიანა. უარს ზეწოლის და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაზე გაკეთებული მწვავე განცხადებებით ხსნის მმართველი გუნდი. მმართველი პარტია შარშან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გაუქმებულ ვიზიტსაც იხსენებს. რატომ შეიცვალა სამი თვის წინ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვით, მმართველი გუნდი ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო დელეგაციის მოწვევას არ გეგმავდა – ხელისუფლებას განმარტებების გაკეთება ამ თემაზეც უწევს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 4 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად ცესკო-ში 16 საერთაშორისო და 9 ადგილობრივი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული.