ეუთო/ოდირის დასკვნა

როგორია ეუთო/ოდირის შეფასება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ ვრცელი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც რეკომენდაციებსაც მოიცავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნების დღე, ზოგადად, პროცედურული თვალსაზრისით, კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებითა და პროცედურების არათანმიმდევრულად დაცვის რამდენიმე შემთხვევით, ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებებით, რაც დოკუმენტის თანახმად, უარყოფითად აისახებოდა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე.

ანგარიშის მიხედვით, კანდიდატებს ზოგადად თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის წარმოება, თუმცა კვლავ ვრცელდება ცნობები ამომრჩევლებზე დაშინების, იძულების, წაქეზებისა და ზეწოლის შესახებ, განსაკუთრებით საჯარო სექტორის მუშაკებზე და ეკონომიკურად დაუცველ პირებზე, რაც აჩენდა შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთ ამომრჩეველს არ ჰქონდა საშუალება, თავისუფლად ჩამოეყალიბებინა საკუთარი მოსაზრება და მიეცა ხმა შურისძიების შიშის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება ეუთო-ს ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.

ანგარიში ასევე ეხება საარჩევნო პროცესის გაშუქებასაც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა კანდიდატის გაშუქებისას ძირითადად დადებითი ან ნეიტრალური ტონი გამოიყენა (89 პროცენტი), თუმცა გაშუქების უმეტესობა „ქართულ ოცნებას“ დაეთმო (61 პროცენტი). უმეტესი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უარი თქვეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ ერთადერთ დებატებში მონაწილეობაზე, რის შედეგადაც მმართველ პარტიებსა და მთავარ ოპოზიციურ პარტიებს შორის დებატები არ შედგა.

ეუთო/ოდირის ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს არჩევნების საერთაშორისო ვალდებულებებთან და სტანდარტებთან დაახლოების მხარდასაჭერად. პრიორიტეტული რეკომენდაციები მოიცავს: ამომრჩეველთა დაშინების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის, ხმების მოსყიდვისა და საარჩევნო ძალადობის პრევენციას; საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ყოვლისმომცველ საკანონმდებლო რეფორმას; საარჩევნო კომისიების წევრთა დანიშვნის პროცესის გადახედვას რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის დომინირების თავიდან ასაცილებლად და ეფექტიანობის სრულად უზრუნველსაყოფად; პოლიტიკური დაფინანსების ზედამხედველობის მკაფიო წესების შემუშავებას; მედიის მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად ზომების შემოღებას; საარჩევნო დავების გადაწყვეტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას; სამოქალაქო დამკვირვებლებს ზეწოლისა და დაშინების გარეშე მუშაობის შესაძლებლობის მიცემას; პროცედურული გარანტიების მეშვეობით ხმის მიცემის საიდუმლოების უზრუნველყოფას. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნების სამზადისი კარგად იყო ადმინისტრირებული, მათ შორის, განხორციელდა ამომრჩეველთა ინტენსიური ინფორმირება ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

ეუთო/ოდირი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების შემდგომი პრობლემების გადაჭრაში, იმუშაონ მომავალი არჩევნების გასაუმჯობესებლად, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვით. ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად, საქართველოში საკანონმდებლო ჩარჩო მთლიანობაში ადეკვატურ ბაზას იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა ის ზედმეტად რთულია, აქვს ხარვეზები და შეუსაბამობები. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წლის შემდეგ საკანონმდებლო ჩარჩომ 20-ზე მეტი შესწორება გაიარა, რომელთაგან ზოგიერთი უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.