ეთიკის ახალი კოდექსი

კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან ერთად, ორშაბათიდან დეპუტატების ეთიკის ახალი კოდექსიც უნდა ამოქმედდეს.

პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილებების მიხედვით, სიტყვიერი ან ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევაში ეთიკის საბჭო შეიკრიბება, რომელიც დეპუტატის ქცევებს შეისწავლის და პარლამენტის შენობაში მომხდარ ინციდენტებს დახურულ სხდომებზე განიხილავს. საბჭოში უმრავლესობა და ოპოზიცია დეპუტატთა თანაბარი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი.

წინა წლებში მიღებული ორი სხვადასხვა კოდექსის ფონზე ჩნდება კითხვა – რამდენად დაარეგულირებს ახალი დოკუმენტი პარლამენტარის ქცევებს და აღკვეთს თუ არა ორი დღის წინ მომხდარი დაპირისპირების მსგავს ინციდენტებს. ამ საკითხზე პარლამენტში არაერთგვაროვანი განწყობა და მოლოდინია.