ესტონეთმა საქართველოს 19 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
„ქართული ოცნება“ ესტონეთის მხრიდან დაწესებულ სანქციებს პასუხობს. მმართველ გუნდში ამ ფაქტს ევროპული ქვეყნების მხრიდან გამოვლენილ მორიგ ზეწოლად აფასებენ და ამბობენ, რომ სანქციები არავის აშინებს. ესტონეთმა სასანქციო სიაში საქართველოს კიდევ 19 მაღალჩინოსანი შეიყვანა. მათ შორის არიან გენერალური პროკურორი, იუსტიციის მინისტრი, პროკურორები, მოსამართლეები და უმრავლესობის წევრები.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მითითებული პირები პირდაპირ თუ ირიბად არიან პასუხისმგებელნი მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე. ამ დროისთვის ჯამში ესტონეთს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა საქართველოს 102 მოქალაქისთვის აქვს დაწესებული.