ესტონეთის პრეზიდენტის განცხადება

მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა შესთავაზოს ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანება, არის ის, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ სტრატეგიულ ფორუმზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს. კერსტი კალიულაიდის თქმით,   თუ საქართველო შეძლებს გახდეს ისეთივე კარგი რეფორმატორი ქვეყანა, როგორებიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები არიან, ევროკავშირმა გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოსაც უნდა შესთავაზოს. ამ პერსპექტივაზე უარის თქმა, ევროპის ნაწილზე რუსეთის გავლენის აღიარება იქნებოდა.

ევროკავშირის გაფართოებისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა ასევე სლოვენიის პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორმა. მისი თქმით, ეს საკითხი მუდმივად უნდა რჩებოდეს ევროკავშირის დღის წესრიგში. ევროკავშირმა უნდა განაგრძოს რეგიონის ქვეყნების დახმარება, რათა მათ შეძლონ გაწევრიანებისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესრულება.