აქციის მონაწილეები, რომელთა შორის არიან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის, პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლები, სამ საათზე შეიკრიბნენ თბილისის შვიდ ხიდზე და ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი აქციით მათ უნდათ, აჩვენონ, რომ ერთიანი არიან მოთხოვნებში, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეები. თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს ვახუშტის ხიდზე, თამარ მეფის ხიდზე, გალაკტიონის ხიდზე, ზაარბრიუკენის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდზე.
„ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც აქციას ზაარბრიუკენის მოედანზე შეუერთდა. „ერთობის ჯაჭვის“ აქციაზე მივიდნენ პოლონელი ევროპარლამენტარი მიხაუ ვავრიკევიჩი და ლიეტუველი ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი, რომლებიც მანამდე ოპოზიციის წარმომადგენლებს, შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. ცოცხალი ჯაჭვის შეკვრის შემდეგ პროტესტის მონაწილეები სხვადასხვა მარშრუტით მსვლელობით დაიძრნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით, სადაც ტრადიციულად საპროტესტო აქცია გაიმართება.
მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველოს ხელისუფლება დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.