„ერთობის ჯაჭვი“ - აქცია თბილისსა და რეგიონებში

უწყვეტი პროტესტი და უცვლელი მოთხოვნები – ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 28 ნოემბრის ცნობილი განცხადება გააკეთა და თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. უწყვეტი პროტესტის გაგრძელება იყო დღეს „ერთობის ჯაჭვის“ აქციაც, რომელიც პროტესტის მონაწილეების ერთმანეთთან ცოცხალი ჯაჭვით დაკავშირებას გულისხმობდა. ამით მონაწილეებმა, რომელთა შორის იყვნენ პოლიტიკოსები, სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლები, კიდევ ერთხელ გამოხატეს ერთობა ევროპული მომავლის მიმართ და ხელახალი არჩევნების დანიშვნა და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.

დედაქალაქში პროტესტის მონაწილეები რამდენიმე ადგილზე, კერძოდ შვიდ ხიდზე შეიკრიბნენ და ერთმანეთს „ცოცხალი ჯაჭვით“ დაუკავშირდნენ. ამის შემდეგ კი მსვლელობა პარლამენტის შენობის მიმართულებით გაიმართა.