ერთიანობის თუ დაშლის მანიფესტი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი და დაპირისპირება ვერც მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევამ დაასრულა.

ერთიანობის მანიფესტზე პარტიის სრული შემადგენლობის ხელმოწერები ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. პატიმრობაში მყოფმა პრეზიდენტმა, რომელმაც ერთი წლის წინ ქართული პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება გამოაცხადა, ახლა პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვა გადაწყვიტა და ორად გაყოფილ გუნდს მთავარ მიზნად საპარლამენტო არჩევნებში პირველობისთვის ბრძოლა დაუსახა. მისი ლიდერობით ხელისუფლების შეცვლის გეგმა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ექს-პრეზიდენტმა 11 პუნქტში გაწერა. თუმცა, მანიფესტი თავისი შინაარსით მისაღები არ აღმოჩნდა ახალ მენეჯმენტთან დაპირისპირებულ ნიკა მელიას გუნდისთვის, რომელიც ერთი წელია მერაბიშვილ-კეზერაშვილის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს და ლევან ხაბეიშვილის ფლანგს გასხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებს. კეზერაშვილის გავლენები პარტიის ყოფილი თავმჯდომარის და ერთ-ერთი ლიდერის გუნდმა მანიფესტის ტექსტშიც ამოიკითხა.