„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადება

პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს და აშშ-ში, კერძოდ კი მინეაპოლისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. „ყველა კარგად ხედავს, რომ ვითარება მძიმე და საგანგაშოა, რასაც აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაც მოწმობს, რომლითაც დონალდ ტრამპმა მომხდარ მკვლელობაში ბრალეულობა ქალაქის მერს, ასევე მინესოტას გუბერნატორს დააკისრა და „აჯანყების წაქეზებაში“ დაადანაშაულა ისინი“. „გამაოგნებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ საგანგაშო პროცესებისა და ორმხრივი ძალადობის დაწყების დღიდან მოყოლებული, ჩვენ ვერ ვიხილეთ ევროპული ინსტიტუტების თუ კონკრეტული ლიდერების შეფასებები. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროპული ინსტიტუტები, რიგი ევროპული სახელმწიფოების ლიდერები თუ ევრობიუროკრატები, არათუ მსგავს, არამედ გაცილებით უმნიშვნელო პროცესებზეც კი, მუდმივად მყისიერად რეაგირებენ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი საქართველო და ჩვენს ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განვითარებული რევოლუციური პროცესებია. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც წლებია ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, რომ რეალურად ამერიკა, ევროპული ქვეყნების თუ ბრიუსელის ბიუროკრატიის დიდი ნაწილი, „დიფ სთეითის“ მიერ იმართება, შესაბამისად, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ისინი მინეაპოლისში მიმდინარე პროცესებს უბრალოდ არ იმჩნევენ. ამავდროულად, ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმ უსამართლო დამოკიდებულებისა და ორმაგი სტანდარტისა, რასაც საქართველოსთან მიმართებით წლებია ვხედავთ. სამწუხაროდ, მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სწრაფად ცვალებად პოლიტიკურ გარემოში, რომელიც ძირითადად, „დიფ სთეითის“ დიქტატით იცვლება, ჩვენი ქვეყნის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების მაგალითები არათუ შემცირდება, შესაძლოა, კიდევ უფრო იმატოს, რადგან სწორედ ასეთია მშვიდობისა და სუვერენიტეტის დაცვის ფასი“,- აღნიშნულია პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.