ერთი წელი ვერშემდგარი დამხობიდან
„ოთხში ვიწყებთ და ოთხში ვამთავრებთ“ – ამ ცნობილი ფრაზიდან და ოპოზიციის ლიდერების მხრიდან ხელისუფლების დამხობისა და პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობიდან ერთი წელი გავიდა. თარიღს სოციალურ ქსელში ეხმაურება პაატა ბურჭულაძე, რომელიც მისივე თქმით, 2025 წლის ოთხი ოქტომბრის დეკლარაციას აქვეყნებს და მას ქართველი ხალხის ნებას უწოდებს. „შევახსენოთ „ოცნებას“, თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს და რატომ არის „ქართული ოცნების“ რეჟიმი არალეგიტიმური“– ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში მის გვერდზე გამოქვეყნდა. „2025 წლის ოთხი ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია: ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, შეკრებილი ეროვნულ კრებაზე, ვაცხადებთ, ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული; ეროვნული კრება აცხადებს, რომ ე.წ. 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნებისა და საერთაშორისო არ აღიარების შემდგომ, კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია! საქართველოს ეროვნული კრება მოითხოვს იმ ექვსი პირის პასუხისგებაში მიცემას, რომლებსაც ბრალად ედებათ, სავარაუდოდ, საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციის დარღვევა: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ანზორ ჩუბინიძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, ბიძინა ივანიშვილი – მიღებულია ერთხმად !“ – წერია პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებულ წერილში.