ერთი წელი ვერშემდგარი დამხობიდან
„ოთხში ვიწყებთ და ოთხში ვამთავრებთ“ – ამ ცნობილი ფრაზიდან და ოპოზიციის ლიდერების მხრიდან ხელისუფლების დამხობისა და პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობიდან ერთი წელი გავიდა. ოპოზიციის ლიდერების ნაწილისათვის ერთი წლის წინანდელი რიტორიკა ისევ აქტუალურია და სოციალური ქსელებიდან შესაბამის განცხადებებსაც ავრცელებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე წერს: „რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა „ქოცებმა“, თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე. როგორც წითლიძე აღნიშნავს, ამ გზას იმდენჯერ გაივლის, რამდენჯერაც საჭირო იქნება. პარტია „ახლების“ ლიდერი ნიკა გვარამია კი, სოციალური ქსელით როგორც თავის, ისე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კვლავ აქციების ორგანიზებისა და არჩევნების გარეშე ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებს. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ მათ ოპონენტებს განვლილმა წელმა ვერაფერი ასწავლა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობაში ჩართული თითოეული ადამიანისთვის 4 ოქტომბერი გახდა მთავარი გაკვეთილი, რომ საქართველოს ბედს ქართველი ხალხი წყვეტს, არჩევნებით და არა შტურმით.