ერთ თვითმმართველ ქალაქში და 5 თემში ხვალ არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ერთ თვითმმართველ ქალაქში და 5 თემში ხვალ არჩევნების მეორე ტური იმართება. ქუთაისში, ბორჯომში, ყაზბეგში, ხაშურში, ოზურგეთსა და მარტვილში მოსახლეობას მერის ასარჩევად ხმის მიცემა მეორედ მოუწევს.

ქუთაისსა და მარტვილში ერთმანეთს “ქართული ოცნებისა და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები დაუპირისპირდებიან. ოპოზიციური პარტია მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს, თუმცა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების გვარები ბიულეტენებში მაინც რჩება.

რაც შეეხება ხაშურს, აქ მერობისთვის მმართველი გუნდისა და დამოუკიდებელი კანდიდატები იბრძოლებენ. ასევე დამოუკიდებელი კანდიდატი გაუწევს კონკურენციას “ქართული ოცნების” წარმომადგენელს ოზურგეთში. სავარაუდოდ, დაძაბული იქნება ბრძოლა მერობისთვის ბორჯომში, სადაც ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას კანდიდატები სახელისუფლებო გუნდიდან და “პატრიოტთა ალიანსიდან” შეეცდებიან.

ყაზბეგელებს კი არჩევანის გაკეთება “ქართული ოცნების” წარმომადგენელსა და “დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს” კანდიდატს შორის მოუწევს. მეორე ტურში გამარჯვებულად ის მონაწილე ჩაითვლება, რომელიც ხმათა უმრავლესობას მოიპოვებს.

ხმის მიცემის პროცესს მესამე სექტორის წარმომადგენლები დააკვირდებიან. ხვალ, მთელი დღის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს საარჩევნო ადმინისტრაციაც.