ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

მოქალაქეების ნაწილს სესხები ისევ გაუძვირდა.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 %-ით გაზარდა. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით ცენტრალური ბანკი ინფლაციის ზრდის შეჩერებას ცდილობს. ბოლო ერთ წელში სებ-მა ამ ნაბიჯს არაერთხელ მიმართა, რაც მსესხებელთა ნაწილის მწვავე უკმაყოფილებას იწვევს. 2021 წლიდან დღემდე რეფინანსირების განაკვეთი 3 %-ით არის მომატებული. გლობალური გამოწვევების ფონზე სამომხმარებლო ფასების მკვეთრი მატების შესაკავებლად ექსპერტების ნაწილი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ამართლებს. როდის დაუბრუნდება ინფლაცია მიზნობრივ, ანუ 3 %-იან მაჩვენებელს – პროგნოზების გაკეთება უკვე ეროვნულ ბანკსაც უჭირს.