„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. მონაწილეებს კურსის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა, წარმატებები უსურვა და კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს სამთავრობო უწყებების, საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და სხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში მსმენელებს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კურსი მოიცავდა დისკუსიას ეროვნული იდენტობის მაფორმირებელ ასპექტებზე, მათ შორის კულტურისა თუ სპორტის როლზე ქვეყნის ერთსულოვნების განმტკიცების პროცესში.
კურსის მიზანია, რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა, ქვეყნის მოქალაქეების როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.